უძრავი ქონების ბაზარზე ბინის მშენებლობის დასრულებამდე შეძენა ინვესტირების ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა. მყიდველები ამ გადაწყვეტილებას ხშირად ფასის სხვაობისა და გადახდის მოქნილი პირობების გამო იღებენ. საინვესტიციო აპარტამენტების მშენებლობის ადრეულ ეტაპზე ყიდვა ინვესტორს საშუალებას აძლევს, ქონება შედარებით დაბალ ფასად შეიძინოს, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი უფრო მაღალ ფასად გაყიდვის ან გაქირავების შესაძლებლობა განიხილოს.
საინვესტიციო აპარტამენტების ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტი ახალ ეტაპზე გადადის და მშენებლობის დასრულების თარიღი ახლოვდება. ამ ეტაპზე პროექტის საბოლოო სახე, საცხოვრებელი გარემო და ინფრასტრუქტურა უფრო თვალსაჩინოა, რაც პოტენციური მყიდველებისა და დამქირავებლების ინტერესზეც თითქმის ყოველთვის აისახება.
თუმცა, რამდენად ამართლებს ეს გადაწყვეტილება რეალობაში, რა კონკრეტულ ფინანსურ მოგებას ტოვებს მშენებარე ბინის ყიდვა და რა დეტალები უნდა შეამოწმოს ინვესტორმა, სანამ თანხას გადაიხდის?
რატომ ყიდულობენ საინვესტიციო ქონებას მშენებლობის ეტაპზე?
პირველი და მთავარი მიზეზი არჩევანის მრავალფეროვნებაა. მშენებლობის საწყის ეტაპზე კომპლექსში გასაყიდი აპარტამენტების უმეტესობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს, სასურველი სართული, ხედი, განლაგება და მხარე შეარჩიოს. ამ მახასიათებლებმა შესაძლოა სამომავლოდ ისიც განსაზღვროს, რამდენად სწრაფად გაქირავდება ან გაიყიდება ბინა. განსხვავებული ვითარებაა უკვე ჩაბარებულ კომპლექსებში, სადაც მოთხოვნადი ვარიანტების დიდი ნაწილი, როგორც წესი, გაყიდულია და დარჩენილი ბინების არჩევანიც შეზღუდულია.
მეორე ფაქტორი ახალი შენობის ტექნიკური მდგომარეობაა. მშენებარე კომპლექსში შეძენილი ბინა მფლობელს ახალი კომუნიკაციებით, ლიფტებითა და საინჟინრო სისტემებით ბარდება. შესაბამისად, მას არ უწევს ძველი ინსტალაციების შეცვლის, არსებული დაზიანებების აღმოფხვრის ან შენობის მოდერნიზაციის ხარჯების გათვალისწინება. ახალი შენობა და თანამედროვე საინჟინრო სისტემები შესაძლოა უპირატესობა იყოს პოტენციური დამქირავებლებისთვისაც.
მესამე მიზეზი საინვესტიციო პორტფელის მართვასა და კაპიტალის განაწილებას უკავშირდება. უძრავი ქონება ფიზიკური აქტივია, რომელსაც ინვესტორები ხშირად სხვა ფინანსური ინსტრუმენტების პარალელურად ფლობენ. საინვესტიციო აპარტამენტები ამ შემთხვევაში გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია: მფლობელს შეუძლია, ქონება გააქირაოს, საბაზრო ღირებულების ცვლილების გათვალისწინებით მოგვიანებით გაყიდოს ან საკუთრებაში ხანგრძლივი პერიოდით დაიტოვოს.
როგორ შევარჩიოთ საინვესტიციო აპარტამენტები: ფართობი, დაგეგმარება და კომპლექსის ინფრასტრუქტურა
საინვესტიციო აპარტამენტების არჩევისას ინვესტორმა საკუთარი გემოვნება გვერდზე უნდა გადადოს და იმ ადამიანების საჭიროებებზე იფიქროს, რომლებიც მომავალში ბინას იქირავებენ ან შეიძენენ. ზოგადად, სხვადასხვა ფართობის აპარტამენტი განსხვავებულ სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. მცირე ზომის ბინები შედარებით ნაკლებ საწყის ინვესტიციას მოითხოვს და უმეტესად წყვილებისთვის არის საინტერესო. საშუალო ფართობის აპარტამენტები მცირერიცხოვანი ოჯახების საჭიროებებს პასუხობს, დიდი ბინები კი, როგორც წესი, იმ მყიდველებისა და დამქირავებლებისთვისაა მიმზიდველი, რომლებსაც რამდენიმე საძინებელი და ცალკე საერთო სივრცე სჭირდებათ.
რაც შეეხება დაგეგმარებას, ხშირად ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბინის ფართობი. ერთი და იმავე კვადრატულობის ორი აპარტამენტი შესაძლოა ფუნქციური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, როგორ არის განაწილებული სივრცე საძინებლებს, მისაღებსა და სამზარეულოს შორის. პროექტის ნახაზის შეფასებისას, ყურადღება მიაქციეთ ოთახების პროპორციებს, ფანჯრების რაოდენობასა და განლაგებას, სველი წერტილების მდებარეობასა და სათავსო სივრცეების არსებობას. ღია ტიპის მისაღები და სამზარეულო შესაძლოა ერთი კატეგორიის დამქირავებლისთვის იყოს მოსახერხებელი, განცალკევებული ოთახები კი არ არის გამორიცხული, რომ უპირატესობა ოჯახებისთვის აღმოჩნდეს. აქვე გასათვალისწინებელია, რამდენად მარტივად შეიძლება ბინის მოწყობა და რამდენად საჭირო იქნება დამატებითი სამშენებლო სამუშაოები რემონტის დროს.
ბინის ფართობისა და დაგეგმარების შეფასების შემდეგ, მნიშვნელოვანია თავად საცხოვრებელი კომპლექსის გარემოსა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებაც. ყურადღება მიაქციეთ ავტოსადგომების რაოდენობას ბინების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, ეზოს მოწყობას, ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, უსაფრთხოების სისტემასა და კომპლექსის მართვის პირობებს. მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, ვინ იქნება პასუხისმგებელი საერთო სივრცეების მოვლაზე და რა ოდენობის ყოველთვიური გადასახადი დაეკისრება მფლობელს.
კომპლექსის მდებარეობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საინვესტიციო აპარტამენტების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ბინები ლისზე ამ მხრივ საინტერესო შესაძლებლობას იძლევა: ერთდროულად ლისის ტბასთან და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, გამწვანებული გარემო, სავაჭრო ობიექტები და ახლომდებარე სკოლები დამატებითი უპირატესობაა ოჯახებისთვის და მათთვის, ვინც ბინის გრძელვადიანად ქირაობას გეგმავს.
გაქირავება თუ გაყიდვა: რომელი სტრატეგიაა მომგებიანი ინვესტორისთვის?
საინვესტიციო ბინების შეძენისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რა გზით გეგმავს მფლობელი შემოსავლის მიღებას. არჩევანი ძირითადად ორ სტრატეგიას შორის კეთდება: ბინის გაქირავება და შემოსავლის პერიოდულად მიღება ან მისი მოგვიანებით, გაზრდილი საბაზრო ღირებულებით გაყიდვა. გაქირავების შემთხვევაში ქონება ინვესტორის საკუთრებაში რჩება, მოსალოდნელი უკუგების შესაფასებლად კი წლიური საიჯარო შემოსავალი ბინის შეძენის ღირებულებას უნდა შეადაროთ. უფრო ზუსტი სურათის მისაღებად, მიღებულ თანხას უნდა გამოაკლოთ კომპლექსის მომსახურების საფასური, რემონტისა და ავეჯის ხარჯები, ასევე ის პერიოდები, როდესაც ბინა დამქირავებლის გარეშე რჩება. ამასთან, მშენებარე აპარტამენტის შეძენისას გასათვალისწინებელია მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დროც, რადგან შემოსავლის მიღებას მხოლოდ ბინის ჩაბარებისა და შესაბამისი მომზადების შემდეგ შეძლებთ.
გაყიდვის სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში, ბინას მშენებლობის ადრეულ ეტაპზე შედარებით დაბალ ფასად ყიდულობენ, შემდეგ კი, პროექტის დასრულებისას ან მოგვიანებით, უფრო მაღალ ფასად გაყიდვას ცდილობენ. ამ გზით ინვესტორს არ უწევს ბინის გაქირავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზრუნვა, თუმცა საბოლოო შედეგი უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია გადასახადები, შუამავლის საკომისიო და გაყიდვის მომენტში ბაზარზე არსებული კონკურენციაც.
ამ თვალსაზრისით, სანდო დეველოპერული კომპანია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისი რეპუტაცია, დასრულებული პროექტები და ვალდებულებების შესრულების გამოცდილება ინვესტორს შეძენილი ქონების სამომავლო პერსპექტივის უკეთ შეფასებაში ეხმარება.
ზოგადად, ინვესტორს, რა თქმა უნდა, შეუძლია ორივე სტრატეგიაც თანმიმდევრულად გამოიყენოს: გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინა გააქირაოს, შემდეგ კი ბაზარზე არსებული ფასებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით გაყიდოს.
შეიძინეთ საინვესტიციო ქონება მშენებლობის ეტაპზე
თუ საინვესტიციო ბინების შეძენას გეგმავთ, ,,ქრონომეტრის’’ პროექტი ლისზე ერთ-ერთი ის ვარიანტია, რომელიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ეს საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე საინტერესოა მათთვის, ვინც თბილისში უძრავ ქონებაში ინვესტირებას და მომავალში მისი გაქირავებით ან გაყიდვით შემოსავლის მიღებას განიხილავს. ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ ხელმისაწვდომ აპარტამენტებს, მათ ფართობებსა და დაგეგმარებას, ასევე ინფორმაციას შეძენის პირობებისა და მშენებლობის დასრულების ვადის შესახებ.